...სადღაც შორს გასროლის ხმა მოესმა, ეგონა მკერდში მოარტყეს.... ჩაიმუხლა, მაგრამ უკნიდან მეგობრებმა მოკიდეს ხელი და წამოაყენეს. გზას განაგრძობდა და ცას უყურებდა: ღამდებოდა, თოვდა. ადრე, როცა ბავშვი იყო თოვლი ძალიან უყვარდა. ალბათ მის შვილსაც ეყვარება, როცა წამოიზრდება. არც კი გამომშვიდობებია ისე წამოვიდ, ეძინა და ალბათ უკანასკნალი შემთხვევა გაუშვა, რომ ბოლოჯერ ენახა მამა. წარსულზე ფიქრმა გაიტაცა... გაახსენდა დედა და მეუღლე გამომშვიდობებისას ჩუმად რომ იწმენდნენ ცრემლს, მამამ კი იარაღი მისცა და გამოუშვა. ისევ გაისროლეს... მაგრამ ახლა უფრო ახლოს. აღარ ჩამუხლულა... თითქოს ძალა მოემატა და მკერდში მოხვედრილ ტყვიას აჯობა. მეთაურმა გაჩერება ბრძანა. ყველა გაჩერდა. მგონი უკვე კოჯორში ვართ. როგორ გასულა დრო... სიცოცხლის ბობო წუთები მიფრინავს... დაღამდა. თოვდა. ირგვლივ უკუითი იყო. მეთ ურს რაღაც შეატყობინეს. მგონი მალე დავინახავთ სიკვდილს... ნეტა ახლა თუ ძინავს? როგორ უნდა კიდევ ერთხელ ნახოს უკანასკნელად. უცებ გამოერკვა ფიქრებიდან, იარაღი მოამზადეთო - იყო ბრძანება. ახლა ნარტო იმათზე ფიქრობდა წითელი დროშით სამტროდ რომ მოდიოდნენ. გასროლის ხმა სულახლოს ისმის... მოდიან... სიბნელეა, მაგრამ მაინც ხედავს მოახლოებულ მტერს. არ ეშინია! არ გაიქცევა! მისი შვილი რომ გაიზრდემა მამით იამაყებს. დაძაბულობაა... ერთ-ერთმა ლოცვა დაიწყო: "უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო..." იმეორებს თვითონაც და გრძნობს, რომ რაღაც ხდება, ძალა ემატება. "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა...." სიბნელეში მოახლოებულ მტერს ხედავს. ხედავრ, რომ რამდენიმეს შიშმა სძლია და უკან გაიქცა. ის მაინც იქ დგას შეურყევლად, ერთი ფიქრით: "მისი შვილი, რომ გაიზრდება, მამით იამაყებს". არსადაც არ წავა. არ გაიქცევა! რაღაც ახალი ბრძანებაა... არეულობაა, ყვირილი...უკანვ ვიხევთ?! არა! "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა...." ადგილიდან არ იძვრის. მეთაური ყველას წასვლას უბრძანებს და ისიც მიცის. არავის არ ახსენდება, ყველა უკან იხევს. მარდო დარჩენა ელის... მარტო მოზღვავებულ მტერს ვერ გაუმკლავდება, მაგრამ ისევ ახსენდება: "შვილი, რომ გაიზრდება, მამით იამაყებს..."
მალე უკანასკნელი ჯარისკაციც ჩაუვლის გვერდს და მარტო დარჩება... "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო..." იმეორებს გულში. ხმაური სულ უფრო ახლოს ესმის... ყიჟინით მოდიან დამპყრობლები... უხარიათ,,, მასაც უხარია - თავისი სამშობლოსთვის კვდება. ცაზე ალიონის ფერები აჟრიალდნენ... ნეტავ ეს არ მომხდარიყო... ნათლად დაინახა მოახლოებულნი და სახეზე ფერი შეეცვალა... გაფითრდა... "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო..." თქვა უკანასკნელად და მტრისკენ გაემართა. მხოლოდ ერთი იყო, მაგრამ მთელი საქართველო იბრძოდა მასში... გააფთრებული ვერაფერს გრძნობდა... მხოლოდ ტყვიის მოხვედრა იგრძნო შიგ გულში... ჩაიმუხლა... "წითელი დროშით, მოღერილ ყელით თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცელით!" თენდებოდა და ისევ თოვდა...
თითქმის 90 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო დაატყვევეს, და როგორც პანდორას ყუთიდან ამოსული ყველივე სიავე, ისე მოედნენ ჭირივით ჩვენს სამშობლოს. საქართველო ყოველთვის ისწრაფოდა თავისუფლებისაკენ ისევე როგორც, გალიაში გამომწყვდეულ ბეღურას არ ძალუძს და სურს ლაჟვარდ, მზიან ცაზე გაშალოს ფრთები და გაინავარდოს. ორივე ეს იმით ჰგავს ერთმანეთს, რომ მთავარი მიზანი თავისუფლების მოპოვება და მისი დასაკუთრებაა. და მაინც ვერ წარმომიდგენია არსებობა წარსულისა და სამშობლოს გარეშე, ისეთი სიყვარულის, როცა მზად ხარ უყოყმანოდ ანაცვალო თავიმამულს.
ჭეშმარიტ ადამიანს,უპირველეს ყოვლისა ღმერთი უნდა უყვარდეს და შემდეგ სამშობლო. უფლისა და სამშობლოს სიყვარულს წარსულის ცოდნა ბადებს. ანუ ჯერ წარსული უნდა გიყვარდეს , მერე აწმყო და მომავალი, რასაცთავადვე ქმნი. ყველა მომავალი ოდესღაც აწმყო ყოფილა. შემდეგ ეს აწმყო წარსულად ქცეულა და ეს წარსული ჩვენი მომავალია. ვფიქრობ ყოველივე ამას და ამ ფიქრებს შორს უსასრულოდ შორს მივყავარ - დრო კი ძალიან ცოტაა, ცოტააჩვენი ცხოვრებაც, რადგან ჩვენი სიცოცხლე შემოდგომის გაცრეცილ ფოთოლს ჰგავს, რომელიც ძირს უცებ ეცემა და ხმება.
ღმერთო, რამდენი რამ გადაიტანა ამ პატარა ქვეყანამ, რამდენი ავი დღე გაუთენდა და რამდენჯერ წითელი მზე ჩაუსვენდა. ახლა უფორ კარგად მესმის ჩემი ქვეყნის გულისტკივილი. ახლა უფრო კარგად ვაანალიზებ ყველაფერს. ახლა უფრო კარგად ვხედავ მის ჯერ კიდევ მიუშუშებელ იარებს. ახლა უფრო მძაფრად ჩამესმის მისი ხმა: მოვუაროთ ერთმანეთს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ყველაზე ლამაზ სიზმარშიც კი ასეთ სიწმინდეს ვხედავ: ეკლესია და მისი ცადაწვდილი გუმბათი, მასში მლოცველთა გუგუნის ხმა, რომელიც ზარებივით რეკენ ზეცაში და აღვიძებენ ცისიერთ.
კეთილი საქმის კეთება ცხოვრებაში სულ არ არის ძნელი, მაგრამ ზოგჯერ ის გვეძნელება, რაც პირიქით - ადვილია. ზოგჯერ კი მართლა ძნელია სირთულის გადალახვა. მისთვის თვალის გასწორება. მაგრამ მათი გადალახვის გარეშე ძნელია მიხვიდეჭეშმარიტებამდე, რის გარეშეც შვება და სიხარული არ მოვა. ეს ცხოვრება სავსეა სიკეთითა და ბოროტებით. ხორციელი თუ სულიერი ცოდვით, ტყუილითა და სიმართლით, უსამართლობითა და ბოროტებით, ხოლო როცა ტყუილი, უსამართლობა, ბოროტება იმარჯვებს, ჩვენს წინ ჩნდება უზარმაზარი კლდე, რომელიც ყველასათვის ერთნაირად საშიშია.
ღმერთმა ამ ქვეყნად ყველასათვის საკმარისი სიკეთე მიმაფრქვია, მაგრამ ბოროტება მუდამ იბრძვის მის გასაუფასურებლად. მადლის დასაკარგად და ცოდვის მოსაკიდებლად. ცოდვა და მისი შედეგი, მისგან გამოწვეული უბედურება, გიქრობს ხალისს ცხოვრებისას, იმედს არსებობისას, დღეს გიბნელებს და ღამეს უფრო წყვდიადს ქმნის, თითქოს დრო ჩერდება, საუკუნეები ერთმანეთში ირევა, წარსული მომავლად იქცევა და მომავალი აწმყოდ. თითქოს ერთ ადგილას დგახარ, გინდა გაიქცე, იყვიროდიდი ხმით და ერთი ამოხვნეშით გაატანო ის ტკივილი, ტანჯვა და სულიერი ცოდვები, რასაც წამიერად დაუდევს ბინა შენთან. მაგრამ ამ ქაოსით მოცული ხვდები, რომ საშველი არსაიდანაა. ღმერთი ისე დაგანარცხებს მიწაზე, რომ წამოდგომის აღარც თავი და არც სურვილი შეგწევს.
ჭეშმარიტების ძიებას ადამიანი თითქმის მთელ ცხოვრებას ანდომებს - ნეტავ რა არის ჭეშმარიტება? რა არის მარადიული ან ყველაზე სანუკვარი. ის რაც გულ უყვარს, სადაც სულს ემღერება, იქ სადაც გრძნობ სიცოცხლეს, გული ბედნი ერებითა და თვალები სიხარულის ცრემლებით გევსება.
ეს ხომ შენი მამული და სამშობლოა. სამყაროა, სადაც დააბიჯებ; ჰაერია, რითაც სუნთქავ; თვალებია, რითაც ხედავ; გულია, რითაც ცოცხლობ და სულია, სადაც ჰპოვებ სიმრავლეს.
ეს არის ჭეშმარიტების შეგრძნება, ესაა ჭეშმარიტების დანახვა და მასთან პირისპირ დგომა. სადაც გრძნობ უსასრულობას და წამით მაინც მოსწყდები რეალობას. როცა მარადისობაში იკარგები და გრძნობები გეშლება. ხვდები თუ რა არის ძვირფასი შენთვის, რამხელა ადგილი უჭირავს მას ჭეშმარიტი ადამიანის გულში.
ბედისწერა ისევ გვეთამაშება - ისევ იღება ახალი კარები, ისევ იშლება ახალი ფურცელი და ისევ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა დაიწერება ამ ფურცლებზე, რა დარჩება საამაყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. კიდევ რით ვიამაყებთ, ეს პატარა ერი, ერი, რომელმაც გაუძლო საუკუნეთა ლეწვას და მათ მარადიულობას ღვთის ნებით, მისი წყალობითა და სამშობლოს სიყვარულით.
რა კარგი იქნება, რომ ერთის უმანკო სისხლით მიგვეტეოს ცოდვათა რისხვა, რომელიც სულს წეწავს, გულს ტანჯავს. შეეწირო სამშობლოს, აღევლინო უფლის წინაშე, ოღონდ იცოდეს, რომ ამით საქართველოს იხსნის ახალი განსაცდელისაგან ქართველებს, იხსნის სულიერი თუ ხორციელი ტანჯვისაგან. მაგრამ არის რომ იგი ძლიერი?!
ახლა გაუცხოების სხვა მორევში იკარგები ადამიანი უსასრულოდ გაშლილ სივრცეში, სადაც ელი, როდის მიეფინება არე-მარეს ნათელი, რომელიც ნამდვილ სინათლის შუქს დაგანახებს. ძნელია გატანჯული სულის გაღვიძება, მაგრამ მარადისობისათვის უნდა გაამზადო იგი. რათა ჰპოვო სულიერი სიმშვიდე და ნეტარება. ზოგჯერ წარსულში ვტოვებთ მათ ვინც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია, მაგრამ სამშობლოს წარსულში დატოვებს ვერ შეეგუები, რადგან იცი რომ უიმისოდ კარგად ვერასდროს იქნები.
ჩვენი ბევრი ფიქრი საჭიროა იმისათვის, რომ ცოტა რამეს მაინც მივხვდეთ ცხოვრებაში. მივხვდეთ თუ სად ვიქნებით ბედნიერები და სრულყოფილნი:
- საკუთარ მამულში, საკუთარ მიწაზე, სადაც სულ სხვა მზეა, სულ სხვა ჰაერი და სულ სხვა ცა.
გათენდა 9 აგვისტო. დღე ჩვეულებრივად მიდიოდა. ხალხი სამსახურში წავიდა, მაგრამ ბოლომდე ვერ დაღამდა ეს დღე კარგად. ღამის 10 საათზე დაიწყო სროლა. თვითმფრინავები უფრენდნენ ჩვენს ბინას და ჭურვებს ყრიდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსები ფოთში შემოვიდნენ. ატყდა დიდი პანიკა, ხალხი შიშმა მოიცვა, მეც ძალიან მეშინოდა. ყველანი ქვივით ჩავიდნენ და ერთად შეიკრიბნენ. ეს ღამე ხალხისათვის ძალიან მძიმე და მწუხარე იყო. იმ საღამოს სროლის შედეგად დაიღუპა მრავალი ახალგაზრდა და მოხუცი ადამიანი. ასევე იყო მეორე, მესამე დღესაც. მე იქ ჩემს დეიდასთან ვიყავი ჩასული დასასვენებლად, მაგრამ ის პერიოდი ჩემთვის ძალიამ მძიმე გამოდგა. ტელევიზორში ვუყურებდი, როგორ იხოცებოდა ხალხი, თუ როგორ იტანჯებოდნენ იმის გამო, რომ იხოცებოდა მათი შვილები, ნათესავები და თანამემამულეები. ვუყურებდი ახალგაზრდა ვაჟკაცების პატრიოტიზმს. ეშინოდა ყველას და ზოგი სად ადიოდა, ზოგი სად. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება და მოვუწოდებ რუსებს, რომ საქართველოს თავი დაანებოს, რადგან ის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ადრე თუ გვიან ის საბოლოოდ გამთლიანდება და გაბრწყინდება.
7 აგვისტოს ჩემი ოჯახით წავედი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ბორჯომში. იქ ბებო გვყავს, ბორჯომში კარგად გავერთეთ, ვნახეთ სტალინის აგარაკი და ძეგლი, სკამი და მისი ჯოხი. აიმ დროს როცა ლიკანის მეოთხე სანატორიუმში ვიყავით, იქ სანდრა რულოვსიც იყო თავისი უმცროსი ვაჟით. შემდეგ შინ დავბრუნდით, ვივახშმეთ და დავიძინეთ.
გათენდა 8 აგვისტო, დაიწყო რუსეთის აგრესია, ჩამოაგდეს ჭურვები, ფანჯრებიდან ვუყურებდით როგორ იწვოდა ტყეები. რუსებს ნათქვამი ჰქონდათ, რომ 8 აგვისტოს საქართველოს მიწასთან გაასწორებდნენ. აღშფოთებისაგან აღარ ვიცოდით რა გვექნა. ერთ-ერთმა მეზობელმა შემოგვთავაზა: „მოდით დავიჩოქოთ და უფალს ვთხოვოთ ჩვენი გადარჩენაო“.
ვრცელ ოთახში ოქროსფერი ჩინური აბაჟური სხვადასხვაფერად აელვარებს კედელზე გაფენილ უძველეს ფოტოებს, რომლებიც წითელ ატლასზე გადაკრული თეთრი ხელთნაკეთი ტილოს პატარა ხალიჩებზე დაბრძანებულან წლების მიხედვით. იქვე გრამაფონი დევს, გასული საუკუნის დასაწყისის ფირფიტებით, ,,ეტაჟერი" ძველი წიგნებით, ფოტოებიდან მოდურად ჩაცმულ-დახურული, დავარცხნილი, იშვიათი სილამაზის ქალბატონები და მამაკაცები იმზირებიან, ბედნიერი, ღიმილიანი სახეებით, თავდაჯერებულნი და საკუთარი ღირსების შეგრძნების მატარებელნი. ფოტოები გასული საუკუნის ათიანი წლებიდან იწყება, ნელ-ნელა ვათვალიერებ და ვეცნობი ამ ფოტოებზე გამოსახულ წინაპართა ისტორიებს, თავიდან ძალიან ბედნიერი, გაცისკროვნებულს სითბოთი, ახლობლების სიყვარულით. ჩემს ყურადღებას სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცისა და მისი თანმხლები ულამაზესი ქალბატონების სურათი იქცევს, იგი 1920 წელსაა გადაღებული, სამხედრო ფორმიანი ჩემი დიდი ბაბუაა, როგორც მითხრეს იგი 1921 წელს დაიღუპა, როცა სოჩის მისადგომებს იცავდა და ფეხმძიმედ დარჩენილ ჩემს დიდ ბებიას ის თეთრი კაბა, ფოტოზე, რომ ასე უხდება, შავად შეუღებავს, და ის ულამაზესი გრძელი თმებიც მოუკვეცავს, წელამდე რომ სწვდებოდა ტალღებად დაყრილი. შემდგომი ფოტოები, უკვე ალბომშია იქვე გრამაფონთან რომ დევს, შემდეგ ღიმილი და ბედნიერი სახე აღარსად ჩანს, რადგან მის მრავალრიცხოვან ოჯახს და დებს სულ ახალი და ახალი განსაცდელი ატყდებოდათ თავს, თბილისზე, რომ წითელი დროშა აფრიალდა 1921 წლის 25 თებერვალს მის შემდგომ ბაბუასათვის ეროვნულ გვარდიაში ოფიცრობა ბრალად დაუდევთ და საკუთარი შრომით მოპოვებული ყველა საარსებო წყარო წაურთმევიათ, ბებიას კი ის არ აპატიეს, უკან, დასავლეთისკენ წამოსულ ნოე ჟორდანიას თანმხლებ გვარდიელებს, მუხრანის ტყის სიახლოვეს ბოლშევიკებთან შეტაკების დროს დაჭრილებს რომ უვლიდა ე.წ. საღორიის საავადმყოფოში, მხოლოდ სიძემ უშველა, დის ქმარმა. იმ დროისათვის, ქუთაისის ,,ჩეკაში" მუშაობდა და საბუთები გაანადგურა, თორემ მიზეზად საზღვარგარეთ განათლების მიღებაც საკმაო ბრალი გახლდათ, ასე გადაარჩინა ორივე და გადასახლებას. კედელზე ნანახი პიროვნებებიდან ცოტა თუ გადაურჩა 1924 წლის და 1937 წლის რეპრესიებს. უქონელთა და ზარმაცთა კლასი განმძვინვარებული ცდილობდა დასაკუთრებოდა შრომისმოყვარეობის შედეგად მოპოვებულ მეზობლის ქონებას და ყოველგვარი ხერხით ცდილობდა ჩამოეშორებინა იგი. ალმობში ჯგუფური ფოტო-სურათებიც შემხვდა, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია იმიტომ, რომ ზოგიერთ პიროვნებას სახეზე შავი რგოლო ქონდა შემოვლებული დასტურად იმისა, რომ რეპრესირებულებს მეგობრების გვერდით ყოფნა სურათზეც კი ეკრძალებოდათ ასეთად დაამახსოვრდათ ჩემი დიდი ოჯახის წევრებს 1921 წლის სუსხიანი თებერვალი, რომელიც მთელი ათწელეულების განავლობაში სუსხავდა და მზეს უბნელებდა, ბედნიერებას უჩრდილავდა დამოუკიდებლობას ართმევდა ჩემს თავისუფლებისმოყვარე ერს, "რადგან სიცრუე ერთგულების გახდა ღირსება", რადგან უვიცობა და რეგვენობა მეფობდა სიბრძნის სანაცვლოდ. ეს ერთი მონაკვეთია იმ უმძიმესი ისტორიებისა, რომლებსაც ეს ფოტოები ინახავენ და ფილმი ,,მონანიება" საკუთარ ოჯახზე გადაღებულ ფილმად მიაჩნიათ, ცოცხლად შემორჩენილ ადამიანებს.
მოგეხსენებათ რომ გასული წლის აგვისტოს თვეში რუსეთმა საქართველოზე კიდევ ერთი აგრესია განახორციელა, მისი ოკუპაციის მიზნით. მინდა მოგიყვეთ ონის რაიონში, კერძოდ კი სორტუანზე მცხოვრებ მოსახლეობაზე, რომლებიც ამ აგრესიის მსხვერპლი გახდნენ. ეს ადამიანები ერთხელ იყვნენ სისასტიკის მსხვერპლი, მაგრამ მასინ ეს სისასტიკე ბუნებრივმა მოვლენამ, კერძოდ, მიწისძვრამ გამოიწვია. ეს მიწისძვრა ოხდა 1991 წლის აპრილში უსახლკაროდ დარჩნენ და სოფელ ირიდან სორტუანზე ჩამოასახლეს.
გათენდა 2008 წლის 7 აგვისტო, შუადღისას სორტუანში სპეცრაზმი შემოვიდა, ძალიან შევშინდით, რადგან ოსეთსი გადასასვლელი გზა სორტუანზე გადის, ჩვენ კი არაფერი ვიცოდით მოსალოდნელ ომზე, გამოველაპარაკეთ, სპეცრაზმელებმა როგორც იქნა გვითხრეს თუ რა სიტუაცია იყო სამხრეთ ოსეთში. მოსახლეობა ძალიან შეშინდა. მოხუცები ამ ამბავს ძალიან განიცდიდნენ, ახალგაზრდებმა კარგად ვერც გააცნობიერეს თუ რა ხდებოდა, რადგან ომს არც არავინ ელოდა, ისინიც გვამშვიდებდნენ რა ომი, რის ომი. არავის ეგონა თუ რამე მოხდებოდა. არ გასულა 10-15 წუთი, გავხედეთ გზას, დავინახეთ სამხედრო მანქანათა ულევი რიგი. ამან ყველა გაგვაოცა. შევეცადეთ რომ დაგვეთვალა, 200 მანქანა იყო. თუმცა ბევრი დაგვრჩა მხედველობიდან. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გავხედეთ გზას. ამჯერად გზაზე უამრავი სამხედრო მანქანა და რამდენიმე ტანკი მიდიოდა. მთელი ღამე თვალი არ მოგვიხუჭავს. ტელევიზიიტ ვიგებდით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან აფორიაქებულები ვიყავით, 8 აგვისტოც გათენდა, სოფლები იბომბებოდა, ძალიან მკვეთრად ისმოდა აფეთქებების ხმა და გვეშინოდა. ეს დღეც როგორც იქნა გადავაგორეთ. გათენდა 2008 წლის 9 აგვისტო. ჩემი დის დაბადების დღე იყო, მივულოცეთ. ტრადიციულად ბებომ სამზარეულოში ფუსფუსი დაიწყო. ომი ცოტათი გადაგვავიწყდა. გასართობად მდინარეზე ჩავედით, რომელსაც ჯეჯორი ქვია და ჩემს სახლთან ახლოს ჩამოედინება. ცოტა ხანში თვითმფრინავების ხმა მოგვესმა, წამებში ისინიც გამოჩნდნენ და საშინელი ხმაც მოჰყვა, დავინახეთ მეზობელ სოფელ კომანდელისა და სოფელ ხირხონისის შუა, როგორ ისროდნენ თვითმფრინავები ბომბებს. მდინარეზე ერთი აჟიოტაჟი ატყდა. ყველა სახლებისკენ მირბოდნენ. შეშინებულები ვიყავით, შევედით სახლში, ბებომ ტელევიზორი ჩართო, რომ საინფორმაციო გადაცემისთვის გვეყურებინა. უცებ უცნაური ხმა მოგვესმა. გარეთ გამოსვლაც ვერ მოვასწარით, ვიყვირეთ თვითმფრინავი-თქო. მე, ჩემი და და ბებია ერთმანეთს ჩავეკარით. სულ რაღაც წამებში აფეთქების ხმაც გაისმა. ყველაფერი თავზე დაგვენგრა, ბებიას თავგანწირულმა საქციელმა გადაგვარცინა. ის ჩვენ გადაგვეფარა, მას კი მკერდის არეში ბომბის ნაჭერი მოხვდა, ბებო სასწაულად გადარჩა. ნანგრევებიდან გარეთ ძლივს გამოვაღწიეთ, სახლი დაინგრა, გარეთ კივილით გამოვარდით, ბებიაც და ჩვენც სისხლში ვიყავით ამოთხვრილები. ბებია ტკივილსაც არ ამხელდა. მხოლოდ თავგანწირვით კიოდა, ოღონდ ჩვენ გადავერჩინეთ და სხვას აღარაფერს ჩიოდა. სხვებიც ჩვენს მდგომარეობაში იყვნენ, ხეებს შევეფარეთ და უცებ ისევ გაისმა ის საშინელი ხმა. თვითმფრინავები წივილით მოდიოდნენ და ისევ ყრიდნენ ბომბებს. ყველა განწირულად ვკიოდით.
ტელეფონით ვეღარავის ვუკავშირდებოდით. მალე სასწრაფო დახმარებაც გამოჩნდა. ონის თავზე კი ისევ თვითმფრინავები ტრიალებდნენ. ჩვენ სარდაფებში შევიხიზნეთ მშიერ-მწყურვალ-შეშინებულები და ტკივილებისგან შეწუხებულები. ასე რომ, რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე განვიცადე.