Tuesday, March 3, 2009

გაყვითლებულ ფოტოებზე შეყინული ღიმილი

ვრცელ ოთახში ოქროსფერი ჩინური აბაჟური სხვადასხვაფერად აელვარებს კედელზე გაფენილ უძველეს ფოტოებს, რომლებიც წითელ ატლასზე გადაკრული თეთრი ხელთნაკეთი ტილოს პატარა ხალიჩებზე დაბრძანებულან წლების მიხედვით. იქვე გრამაფონი დევს, გასული საუკუნის დასაწყისის ფირფიტებით, ,,ეტაჟერი" ძველი წიგნებით, ფოტოებიდან მოდურად ჩაცმულ-დახურული, დავარცხნილი, იშვიათი სილამაზის ქალბატონები და მამაკაცები იმზირებიან, ბედნიერი, ღიმილიანი სახეებით, თავდაჯერებულნი და საკუთარი ღირსების შეგრძნების მატარებელნი. ფოტოები გასული საუკუნის ათიანი წლებიდან იწყება, ნელ-ნელა ვათვალიერებ და ვეცნობი ამ ფოტოებზე გამოსახულ წინაპართა ისტორიებს, თავიდან ძალიან ბედნიერი, გაცისკროვნებულს სითბოთი, ახლობლების სიყვარულით.
ჩემს ყურადღებას სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცისა და მისი თანმხლები ულამაზესი ქალბატონების სურათი იქცევს, იგი 1920 წელსაა გადაღებული, სამხედრო ფორმიანი ჩემი დიდი ბაბუაა, როგორც მითხრეს იგი 1921 წელს დაიღუპა, როცა სოჩის მისადგომებს იცავდა და ფეხმძიმედ დარჩენილ ჩემს დიდ ბებიას ის თეთრი კაბა, ფოტოზე, რომ ასე უხდება, შავად შეუღებავს, და ის ულამაზესი გრძელი თმებიც მოუკვეცავს, წელამდე რომ სწვდებოდა ტალღებად დაყრილი. შემდგომი ფოტოები, უკვე ალბომშია იქვე გრამაფონთან რომ დევს, შემდეგ ღიმილი და ბედნიერი სახე აღარსად ჩანს, რადგან მის მრავალრიცხოვან ოჯახს და დებს სულ ახალი და ახალი განსაცდელი ატყდებოდათ თავს, თბილისზე, რომ წითელი დროშა აფრიალდა 1921 წლის 25 თებერვალს მის შემდგომ ბაბუასათვის ეროვნულ გვარდიაში ოფიცრობა ბრალად დაუდევთ და საკუთარი შრომით მოპოვებული ყველა საარსებო წყარო წაურთმევიათ, ბებიას კი ის არ აპატიეს, უკან, დასავლეთისკენ წამოსულ ნოე ჟორდანიას თანმხლებ გვარდიელებს, მუხრანის ტყის სიახლოვეს ბოლშევიკებთან შეტაკების დროს დაჭრილებს რომ უვლიდა ე.წ. საღორიის საავადმყოფოში, მხოლოდ სიძემ უშველა, დის ქმარმა. იმ დროისათვის, ქუთაისის ,,ჩეკაში" მუშაობდა და საბუთები გაანადგურა, თორემ მიზეზად საზღვარგარეთ განათლების მიღებაც საკმაო ბრალი გახლდათ, ასე გადაარჩინა ორივე და გადასახლებას. კედელზე ნანახი პიროვნებებიდან ცოტა თუ გადაურჩა 1924 წლის და 1937 წლის რეპრესიებს. უქონელთა და ზარმაცთა კლასი განმძვინვარებული ცდილობდა დასაკუთრებოდა შრომისმოყვარეობის შედეგად მოპოვებულ მეზობლის ქონებას და ყოველგვარი ხერხით ცდილობდა ჩამოეშორებინა იგი. ალმობში ჯგუფური ფოტო-სურათებიც შემხვდა, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია იმიტომ, რომ ზოგიერთ პიროვნებას სახეზე შავი რგოლო ქონდა შემოვლებული დასტურად იმისა, რომ რეპრესირებულებს მეგობრების გვერდით ყოფნა სურათზეც კი ეკრძალებოდათ ასეთად დაამახსოვრდათ ჩემი დიდი ოჯახის წევრებს 1921 წლის სუსხიანი თებერვალი, რომელიც მთელი ათწელეულების განავლობაში სუსხავდა და მზეს უბნელებდა, ბედნიერებას უჩრდილავდა დამოუკიდებლობას ართმევდა ჩემს თავისუფლებისმოყვარე ერს, "რადგან სიცრუე ერთგულების გახდა ღირსება", რადგან უვიცობა და რეგვენობა მეფობდა სიბრძნის სანაცვლოდ.
ეს ერთი მონაკვეთია იმ უმძიმესი ისტორიებისა, რომლებსაც ეს ფოტოები ინახავენ და ფილმი ,,მონანიება" საკუთარ ოჯახზე გადაღებულ ფილმად მიაჩნიათ, ცოცხლად შემორჩენილ ადამიანებს.
ირენა ბაბუნაშვილი, მე-10 კლ.

No comments:

Post a Comment