Tuesday, March 3, 2009

ნუთუ ისტორია ისევ მეორდება?!

თითქმის 90 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო დაატყვევეს, და როგორც პანდორას ყუთიდან ამოსული ყველივე სიავე, ისე მოედნენ ჭირივით ჩვენს სამშობლოს. საქართველო ყოველთვის ისწრაფოდა თავისუფლებისაკენ ისევე როგორც, გალიაში გამომწყვდეულ ბეღურას არ ძალუძს და სურს ლაჟვარდ, მზიან ცაზე გაშალოს ფრთები და გაინავარდოს. ორივე ეს იმით ჰგავს ერთმანეთს, რომ მთავარი მიზანი თავისუფლების მოპოვება და მისი დასაკუთრებაა. და მაინც ვერ წარმომიდგენია არსებობა წარსულისა და სამშობლოს გარეშე, ისეთი სიყვარულის, როცა მზად ხარ უყოყმანოდ ანაცვალო თავიმამულს.

ჭეშმარიტ ადამიანს,უპირველეს ყოვლისა ღმერთი უნდა უყვარდეს და შემდეგ სამშობლო. უფლისა და სამშობლოს სიყვარულს წარსულის ცოდნა ბადებს. ანუ ჯერ წარსული უნდა გიყვარდეს , მერე აწმყო და მომავალი, რასაც თავადვე ქმნი. ყველა მომავალი ოდესღაც აწმყო ყოფილა. შემდეგ ეს აწმყო წარსულად ქცეულა და ეს წარსული ჩვენი მომავალია. ვფიქრობ ყოველივე ამას და ამ ფიქრებს შორს უსასრულოდ შორს მივყავარ - დრო კი ძალიან ცოტაა, ცოტაა ჩვენი ცხოვრებაც, რადგან ჩვენი სიცოცხლე შემოდგომის გაცრეცილ ფოთოლს ჰგავს, რომელიც ძირს უცებ ეცემა და ხმება.

ღმერთო, რამდენი რამ გადაიტანა ამ პატარა ქვეყანამ, რამდენი ავი დღე გაუთენდა და რამდენჯერ წითელი მზე ჩაუსვენდა. ახლა უფორ კარგად მესმის ჩემი ქვეყნის გულისტკივილი. ახლა უფრო კარგად ვაანალიზებ ყველაფერს. ახლა უფრო კარგად ვხედავ მის ჯერ კიდევ მიუშუშებელ იარებს. ახლა უფრო მძაფრად ჩამესმის მისი ხმა: მოვუაროთ ერთმანეთს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ყველაზე ლამაზ სიზმარშიც კი ასეთ სიწმინდეს ვხედავ: ეკლესია და მისი ცადაწვდილი გუმბათი, მასში მლოცველთა გუგუნის ხმა, რომელიც ზარებივით რეკენ ზეცაში და აღვიძებენ ცისიერთ.

კეთილი საქმის კეთება ცხოვრებაში სულ არ არის ძნელი, მაგრამ ზოგჯერ ის გვეძნელება, რაც პირიქით - ადვილია. ზოგჯერ კი მართლა ძნელია სირთულის გადალახვა. მისთვის თვალის გასწორება. მაგრამ მათი გადალახვის გარეშე ძნელია მიხვიდე ჭეშმარიტებამდე, რის გარეშეც შვება და სიხარული არ მოვა. ეს ცხოვრება სავსეა სიკეთითა და ბოროტებით. ხორციელი თუ სულიერი ცოდვით, ტყუილითა და სიმართლით, უსამართლობითა და ბოროტებით, ხოლო როცა ტყუილი, უსამართლობა, ბოროტება იმარჯვებს, ჩვენს წინ ჩნდება უზარმაზარი კლდე, რომელიც ყველასათვის ერთნაირად საშიშია.

ღმერთმა ამ ქვეყნად ყველასათვის საკმარისი სიკეთე მიმაფრქვია, მაგრამ ბოროტება მუდამ იბრძვის მის გასაუფასურებლად. მადლის დასაკარგად და ცოდვის მოსაკიდებლად. ცოდვა და მისი შედეგი, მისგან გამოწვეული უბედურება, გიქრობს ხალისს ცხოვრებისას, იმედს არსებობისას, დღეს გიბნელებს და ღამეს უფრო წყვდიადს ქმნის, თითქოს დრო ჩერდება, საუკუნეები ერთმანეთში ირევა, წარსული მომავლად იქცევა და მომავალი აწმყოდ. თითქოს ერთ ადგილას დგახარ, გინდა გაიქცე, იყვირო დიდი ხმით და ერთი ამოხვნეშით გაატანო ის ტკივილი, ტანჯვა და სულიერი ცოდვები, რასაც წამიერად დაუდევს ბინა შენთან. მაგრამ ამ ქაოსით მოცული ხვდები, რომ საშველი არსაიდანაა. ღმერთი ისე დაგანარცხებს მიწაზე, რომ წამოდგომის აღარც თავი და არც სურვილი შეგწევს.

ჭეშმარიტების ძიებას ადამიანი თითქმის მთელ ცხოვრებას ანდომებს - ნეტავ რა არის ჭეშმარიტება? რა არის მარადიული ან ყველაზე სანუკვარი. ის რაც გულ უყვარს, სადაც სულს ემღერება, იქ სადაც გრძნობ სიცოცხლეს, გული ბედნი ერებითა და თვალები სიხარულის ცრემლებით გევსება.

ეს ხომ შენი მამული და სამშობლოა. სამყაროა, სადაც დააბიჯებ; ჰაერია, რითაც სუნთქავ; თვალებია, რითაც ხედავ; გულია, რითაც ცოცხლობ და სულია, სადაც ჰპოვებ სიმრავლეს.

ეს არის ჭეშმარიტების შეგრძნება, ესაა ჭეშმარიტების დანახვა და მასთან პირისპირ დგომა. სადაც გრძნობ უსასრულობას და წამით მაინც მოსწყდები რეალობას. როცა მარადისობაში იკარგები და გრძნობები გეშლება. ხვდები თუ რა არის ძვირფასი შენთვის, რამხელა ადგილი უჭირავს მას ჭეშმარიტი ადამიანის გულში.

ბედისწერა ისევ გვეთამაშება - ისევ იღება ახალი კარები, ისევ იშლება ახალი ფურცელი და ისევ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა დაიწერება ამ ფურცლებზე, რა დარჩება საამაყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. კიდევ რით ვიამაყებთ, ეს პატარა ერი, ერი, რომელმაც გაუძლო საუკუნეთა ლეწვას და მათ მარადიულობას ღვთის ნებით, მისი წყალობითა და სამშობლოს სიყვარულით.

რა კარგი იქნება, რომ ერთის უმანკო სისხლით მიგვეტეოს ცოდვათა რისხვა, რომელიც სულს წეწავს, გულს ტანჯავს. შეეწირო სამშობლოს, აღევლინო უფლის წინაშე, ოღონდ იცოდეს, რომ ამით საქართველოს იხსნის ახალი განსაცდელისაგან ქართველებს, იხსნის სულიერი თუ ხორციელი ტანჯვისაგან. მაგრამ არის რომ იგი ძლიერი?!

ახლა გაუცხოების სხვა მორევში იკარგები ადამიანი უსასრულოდ გაშლილ სივრცეში, სადაც ელი, როდის მიეფინება არე-მარეს ნათელი, რომელიც ნამდვილ სინათლის შუქს დაგანახებს. ძნელია გატანჯული სულის გაღვიძება, მაგრამ მარადისობისათვის უნდა გაამზადო იგი. რათა ჰპოვო სულიერი სიმშვიდე და ნეტარება. ზოგჯერ წარსულში ვტოვებთ მათ ვინც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია, მაგრამ სამშობლოს წარსულში დატოვებს ვერ შეეგუები, რადგან იცი რომ უიმისოდ კარგად ვერასდროს იქნები.

ჩვენი ბევრი ფიქრი საჭიროა იმისათვის, რომ ცოტა რამეს მაინც მივხვდეთ ცხოვრებაში. მივხვდეთ თუ სად ვიქნებით ბედნიერები და სრულყოფილნი:

- საკუთარ მამულში, საკუთარ მიწაზე, სადაც სულ სხვა მზეა, სულ სხვა ჰაერი და სულ სხვა ცა.

ნინო ნიკოლაძე, მე-9 კლასი

No comments:

Post a Comment